დუშეთის ისტორიული უბნის განახლების პროექტი ქალაქის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის
11 სექტემბერი 2024
„დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 38 შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 33 შენობაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილი 5 შენობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა გაწეული, როგორც არქიტექტორების, რესტავრატორების, მშენებლების მხრიდან, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დუშეთში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქალაქ დუშეთის ურბანული განახლების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ პარკს. განახლდა პარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოეწყო შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა, ჩატარდა პარკის გამწვანების სამუშაოები. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის განახლება. უკვე დასრულებულია 33 სახლის, უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რეაბილიტაცია-რესტავრაცია. გრძელდება 5 სახლის, მათ შორის, იმ ისტორიული სასამართლოს შენობისა და სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სადაც მსახურობდა და ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე.
„აქ არის როგორც არქიტექტურულად გამორჩეული, ისე შინაარსით მნიშვნელოვანი შენობები - ილიას დუშეთში მოღვაწეობის დროინდელი სასამართლო და საცხოვრებელი სახლი, ძველი აფთიაქის, ბანკის შენობები, ეგრეთ წოდებული სამიკიტნოების უბანი. პროექტის განვითარების შედეგად, დუშეთის პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი განვითარების შესაძლებლობებს გააჩენს,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, განახლებული შენობების კერძო მესაკუთრეებს უკვე აქვთ სასტუმროს და ტურისტული დანიშნულების სხვა ობიექტის განვითარების კონკრეტული გეგმები. დუშეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ღირშესანიშნაობებით და მათი სრული სპექტრით გამოყენებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას ურბანული განახლების ასეთი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
დუშეთის ისტორიული უბნის ურბანული განახლების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 19.2 მილიონი ლარია.